ნატოს წევრი თურქეთი ცდილობს ფრთხილი პოზიცია დაიკავოს ისე, რომ არც მისი ნატოელი პარტნიორები გააღიზიანოს და არც რუსეთი, რომელიც თურქეთის მთავარი პარტნიორია საგარეო ვაჭრობაში, იტყობინება ”როიტერი” თავის ანალიტიკურ მასალაში, რომელიც აღწერს ანკარას პოზიციას რეგიონში განვითარებულ კრიზისთან დაკავშირებით.
ცივი ომის პერიოდში თურქეთი ნატოს სამხრეთ ფლანგზე წარმოადგენდა მნიშვნელოვან წინაღობას საბჭოთა კავშირის საზღვართან, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი თურქეთის მთავარ პარტნიორად იქცა ვაჭრობაში. ამას გარდა, თურქეთი რუსეთიდან იღებს ენერგორესურსების უმეტესობას, აღნიშნულია ”როიტერის” სტატიაში.
”არსებული დაძაბულობა რეგიონში თურქეთს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ის არის როგორც რუსეთის, ასევე მისი ნატოელი პარტნიორების ზეწოლის ქვეშ,” – აღნიშნავს პოლიტიკური რისკების კვლევითი ჯგუფის Eurasia Group-ის ანალიტიკოსი ვოლფანგო პიჩოლი ”როიტერთან” საუბარში, ”თურქეთი კვლავაც ფრონტის წინა ხაზზე მდგომ სახელმწიფოდ გადაიქცა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო”.
თურქეთი შიშობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება უკვე დაიწყო, რაც მის ამ ქვეყანასთან ვაჭრობას ემუქრება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ანკარამ, ”როიტერის” ცნობით, უკვე მიმართა მოსკოვს პროტესტით იმასთან დაკავშირებით, რომ 10 ათასი თურქული ტრაილერი რუსეთის სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან არის გაჩერებული. რუსეთი იმიზეზებს რომ ეს შეფერხება, რაც ამ ტრაილერების შემოწმებით არის გამოწვეული, იმის გამო ხდება, რომ რუსეთში ახალი საბაჟო წესები მოქმედებს. თუმცა თურქეთი ეჭვობს, რომ ამის უკან სულ სხვა მიზეზი შეიძლება იყოს, აღნიშნავს ”როიტერი.”
თურქი ბიზნესმენები შიშობენ, რომ მხოლოდ ამ პრობლემის გამო მოკლე ვადიანი ზარალი, შესაძლოა, 3 მილიარდ დოლარამდე ავიდეს, თუ ეს შეფერხება კვლავაც გაგრძელდა.
ანალიტიკურ მასალაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში კრიზისის დაწყების შემდეგ თურქეთი ცდილობს არ გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები. უფრო მეტიც, ანკარას არ დაუგმია რუსეთის ქმედებები, როგორც ეს დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა გააკეთეს. თუმცა ნატო-ს და აშშ-ს შესაძლოა სურვილი ჰქონდეთ, რომ ანკარამ უფრო მკვეთრი პოზიცია დაიკავოს.
მაგრამ ეს თურქეთისთვის რთული გასაკეთებელი იქნება თუ გავითვალისწინებთ ანკარას რუსეთზე დამოკიდებულებას გაზისა და ქვანახშირის იმპორტის კუთხით.
შარშან თურქეთმა იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის 60% მხოლოდ რუსეთისგან შეიძინა. ამასთან, თურქეთმა გასულ წელს ასევე რუსეთში იყიდა ქვანახშირის 56.4%, რაც ასე ძლიერ აჭირდება თურქეთის სამშენებლო ბუმს და ელექტროენერგიის გამომუშავებას. თუ თურქეთს ამ კუთხით პრობლემა შეექმნა, ამან შესაძლოა ძლიერ დააზარალოს ქვეყანა, განსაკუთრებით ზამთარში.
”სიტყვაზე, გაზსადენზე რომ ე.წ. ’ტექნიკური პრობლემები’ შეიქმნას [რუსეთის მიერ], ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნება; ეს ნიშნავს რომ წარმოება, მომხმარებლები თურქეთში და მთლიანად ეკონომიკა ძალზედ დაზარალდება,” – განუცხადა ”როიტერს” თურქმა ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში ნეჯეთ პამირმა.