პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გია ბარამიძე 28 აგვისტოს დენვერში სენატორ ჯო ბაიდენს, დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს შეხვდნენ.
”რუსთავი 2”-მა გაუშვა შეხვედრის კადრები და კომენტარი გააკეთა, რომ მსჯელობა მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხზე.
ბურჯანაძის მიერ დაარსებული დემოკრატიის განვითარების ფონდის 27 აგვისტოს პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ ნინო ბურჯანაძე ქართული პოლიტიკური წრეების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მართავდა შეხვედრებს ამერიკის და ევროპის ცნობილ ფიგურებთან დენვერში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში, სადაც განიხილებოდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგები.
იმავდროულად, ბურჯანაძის ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ის მალე ისევ დაბრუნდება პოლიტიკაში. ”თავიდანვე ქალბატონმა ბურჯანაძემ ნათლად განაცხადა, რომ ის დაუბრუნდებოდა აქტიურ პოლიტიკას მომავალში,”- განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა Telegraph.co.uk-ს, ”უკანასკნელმა კრიზისმა უბრალოდ დააჩქარა მისი გეგმები მთლიანად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში”.