რუსეთი მზადაა გაიყვანოს თავისი ძალები ”უსაფრთხოების ზონებიდან”, თუ იქ საიმედო საერთაშორისო კონტროლი დამყარდება, რომელიც დაიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს თბილისის შესაძლო შეტევებისგან, განაცხადა 27 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
”რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო ჩვენ არ გვაქვს განზრახვა მუდმივად შევინარჩუნოთ ჩვენი სამშვიდობო ძალები ამ რესპუბლიკების ფარგლებს გარეთ,”- განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს დუშანბეში.
”ამასთან, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საიმედო საერთაშორისო კონტროლის უზრუნველყოფას მათ მოსაზღვრე საქართველოს რაიონებში, რათა თავიდან ავიცილოთ თბილისის რეჟიმის მხრიდან ახალი სამხედრო ავანტიურები,”- აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ”პრაქტიკული თანამშრომლობა” შედგეს რუსეთის ჯარებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის ”ამ ზონის შიგნით რეჟიმის შესათანხმებლად”.
ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა ეუთოსა და გაეროს ფარგლებში მხარი დაუჭიროს საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას და მათი მანდატის განსაზღვრას.
”ასეთი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში რუსული მხარე მზად იქნება შეუდგეს უსაფრთხოების ზონებში კონტროლის დამყარების ვადებისა და სხვა კონკრეტული ასპექტების განხილვას,” – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთი ამ ეტაპზე კვლავ ინარჩუნებს სამხედრო ბლოკსაგუშაგოებს საქართველოს სიღრმეებში, როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის მიმართულებებზე. რუსეთი აკონტროლებს სენაკსა და ფოთს, ასევე აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს და გორის ჩრდილოეთით ქართულ სოფლებს. უახლოესი რუსული ბლოკსაგუშაგო გორიდან 5 კმ-ში სოფელ კარალეთშია განთავსებული.
რუსეთის ოფიციალური პირები ამ ტერიტორიებს ”უსაფრთხოების ზონებად” ან ”რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონებად” მოიხსენიებენ. ამ ტერიტორიებს ”ბუფერულ ზონებსაც” უწოდებენ. საქართველო აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე მყოფი ჯარები ოკუპანტები არიან.
”რუსეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ამ ბუფერული თუ უსაფრთხოების ზონების შექმნით და იქ ბლოკსაგუშაგოების განთავსებით,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება. ის დენვერში დემოკრატიული პარტიის კონგრესში იღებს მონაწილეობას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელმაც თბილისსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად იშუამავლა, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ შეთანხმება ”სრულად უნდა შესრულდეს”.
”სამხედრო ძალები, რომლებიც ჯერ არ არის გაყვანილი იმ ხაზებზე, რომლებზეც ისინი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე იმყოფებოდნენ, გადაუდებლად უნდა გავიდნენ,”- იუწყება ”როიტერი” სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრების შეცვლას ”ცალმხრივად, რაც უბრალოდ მიუღებელია”.