სარკოზიმ და მედვედევმა საქართველოზე იმსჯელეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საქართველოს შესახებ ტელეფონის ესაუბრა, განაცხადა კრემლმა.

”რუსეთის მხრიდან აღინიშნა თბილისის მიერ მედვედევი-სარკოზის გეგმის მე-4 პუნქტის შესრულების საჭიროება, რომლის თანახმადაც ქართული ჯარები თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში უნდა დაბრუნდნენ,”- ნათქვამია კრემლის პრეს-რელიზში.

”საუბარი ასევე შეეხო დამატებით შეთანხმებებს, რომლებსაც შეუძლიათ მომავალში უზრუნველყონ უსაფრთხოების რეჟიმი ზონებში, რომლებიც გადის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების გასწვრივ”.

”საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა დეტალურად გამოთქვა თავისი მოსაზრება რიგ შეხედულებასა და შეშფოთების შესახებ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოხატა ზოგიერთი მედია-საშუალების ცნობებზე რეგიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. გამოითქვა რუსეთის ფედერაციის პრინციპული პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხების საჩქარო გადაწყვეტის საჭიროებასთან დაკავშირებით,”- აცხადებს კრემლი.

პრეზიდენტმა სარკოზიმ, რომელმაც იშუამავლა თბილისსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ შეთანხმება ”სრულად უნდა შესრულდეს”.

”სამხედრო ძალები, რომლებიც ჯერ არ არის გაყვანილი იმ ხაზებზე, რომლებზეც ისინი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე იმყოფებოდნენ, გადაუდებლად უნდა გავიდნენ,”- იუწყება ”როიტერი” სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით ფრანგ დიპლომატებთან გამართული შეხვედრიდან.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრების შეცვლას ”ცალმხრივად, რაც უბრალოდ მიუღებელია”.

Exit mobile version