რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს დროებით რწმუნებულს რუსეთში გივი შუღაროვს შეხვდა 27 აგვისტოს მოსკოვში.
”საუბრისას განიხილებოდა ორმხრივი რუსულ-ქართული ურთიერთობების ის საკითხები, რომლებიც გადაუდებელ ხასიათს ატარებს და ძირითადად დაკავშირებულია ჰუმანიტარულ სფეროსთან. რუსეთის მხრიდან საუბარი იყო ასევე დიპლომატიური ხაზით სამუშაო კონტაქტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, მათ შორის ორი ქვეყნის საელჩოების მეშვეობით,”- იუწყება რუსეთის საგარეო უწყება შეხვედრის შესახებ.
შუღაროვი ერთ-ერთია იმ ორი დიპლომატიდან, რომელიც საქართველოს საელჩოში რჩება მოსკოვში მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ”მინიმუმამდე” დაჰყავს, თუმცა არ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან.