მერკელმა მედვედევს ექვს-პუნქტიანი გეგმის დაუყოვნებლივ შესრულება მოთხოვა

რუსი სამხედროების გაჭიანურებული ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ, მათ შორის ფოთში, წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ექვს-პუნქტიანი შეთანხმების ”სერიოზულ” დარღვევას, განუცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს 27 აგვისტოს სატელეფონო საუბარში.

”რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაიხიოს უკან ამა წლის 7 აგვისტოს პოზიციებზე,”- იტყობინება მერკელის პრესსამსახური.

ამავე ცნობით, ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარში ”მწვავედ დაგმო” რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება, როგორც საერთაშორისო სამართალს –” განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებსაც რუსეთიც ღიად უჭერდა მხარს,” – ასევე ექვს-პუნქტიან გეგმას.

იმავდროულად სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ცნობაში კრემლი იტყობინება, რომ მედვედევმა ”დაადასტურა რუსული მხარის ერთგულება შეთანხმებული პრინციპების მიმართ”, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაშია ასახული. 

კრემლი ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ ბრძანებულების ხელმოწერამდე  ამცნო დაინტერესებული სახელმწიფოების ლიდერებს, რომ აპირებდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

Exit mobile version