გორის სოფლებს მოსახლეობა ისევ ტოვებს

რამდენიმე ასეული ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა გორის ჩრდილოეთით მდებარე რუსების მიერ კონტროლირებადი სოფლები ოსური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან განახლებული ძალადობისა და დაშინების გამო.

გაეროს ლტოლვილთა კომისარიატმა (UNHCR) განაცხადა, რომ  ქართული სოფლების 365 მკვიდრმა შეაფარა გორს თავი გუშინ დღის ბოლოსთვის. ზოგიერთ მათგანს სურდა თბილისიდან თავიანთ სოფლებში დაბრუნება, მაგრამ ეს ვერ გააკეთა უსაფრთხოების პრობლემების გამო.

”იძულებულ გადაადგილებულმა პირებმა, რომლების გამოიქცნენ სამხრეთ ოსეთის [ადმინისტრაციული] საზღვრის გასწვრივ მდებარე ბუფერული ზონის ქართული სოფლებიდან განუცხადეს UNHCR-ის თანამშრომლებს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს უკანასკნელ ორ დღეში ოსური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან მასიური ძალადობის გამო. მათ განაცხადეს, რომ ქართულ სოფლებში ამ ფორმირებების ოდენობა და მათი თავდასხმების სისასტიკე მნიშვნელოვნად გაიზარდა შაბათი დღის, 24 აგვისტოს შემდეგ,”- განაცხადა გაეროს სააგენტომ.

იმავდროულად, ”როიტერის” კორესპონდენტი იტყობინება ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნიდან, რომ მძიმედ შეიარაღებული ქართული პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფი იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი მას შემდეგ, რაც ოსურმა ბანდფორმირებებმა რუსი სამხედროების და მი-24 სამხედრო ვერტმფრენის დახმარებით დაიკავეს სოფელი. შეტაკებების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ახალგორი ქართველების და ოსების შერეულად დასახლებული რაიონია სამხრეთ ოსეთის აღმოსავლეთ განაპირას. რაიონი ადმინისტრაციულად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ფარგლებში შედიოდა, თუმცა ის სეპარატისტების კონტროლქვეშ აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გადავიდა.

Exit mobile version