აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სატელეფონო საუბარი გამართეს და აღნიშნეს, რომ ”რუსეთი არ ასრულებს” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებულ ვალდებულებას, განაცხადა თეთრმა სახლმა 22 აგვისტოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ დაასრულა ძალების გაყვანა საქართველოს ტერიტორიის სიღრმიდან, რის შედეგადაც მოსკოვმა შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება.
”მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ისინი ამ წუთას ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას,” – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ, ”შესაბამისობა ნიშნავს შესაბამისობას გეგმასთან. ჩვენ ეს ჯერჯერობით ვერ დავინახეთ”.
”შეთანხმებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ყველა ის ძალა, რომელიც 6 აგვისტოს შემდეგ შემოვიდა და ის, რასაც ჩვენ ველით, არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ველით; ეს არის ის, რასაც საფრანგეთი ელის; ეს არის ის, რასაც ევროკავშირი ელის; გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ის არის, რასაც მთელი მსოფლიო ელის,” – დასძინა მან.
ამავდროულად, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან ვიტმანმა ასევე განაცხადა 22 აგვისტოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რუსული ძალების გარკვეულ გადაადგილებას ჰქონდა ადგილი, რთული სათქმელია ეს გაყვანის მანიშნებელია, თუ მხოლოდ ძალების პოზიციური გადაადგილების.
”გორის გარშემო იყო რაღაც მოძრაობები, თუმცა უცნობია იყო თუ არა ეს მნიშვნელოვანი გაყვანის დასაწყისი,” – განაცხადა მან, ”აქამდე ჩვენ მხოლოდ უმნიშვნელო გადაადგილებები ვიხილეთ”.