რუსეთს 2 412 ჯარისკაცი ეყოლება აფხაზეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 22 აგვისტოს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან.
მისი თქმით, რუსული ძალების ზუსტი რაოდენობა სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიებზე მოგვიანებით განისაზღვრება.
იმავდროულად, მან განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა ფოთის მისადგომებიდან დაიწყება და კონკრეტულად გაივლის დასახლებულ პუნქტებზე: ნაბადა, ჭალადიდი, სენაკი, კვირა, ხუდონი, გუნაგუა, ჯიკმური, ოჩამჩირე, ანაკლია.
ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების თანახმად, რუს სამშვიდობოებს უფლება აქვთ განთავსდნენ 12 კმ-იან უსაფრთხოების ზონაში – ადმინისტრაციული საზღვრიდან 6 კმ აფხაზეთის მხარეს და 6 კმ ქართულ მხარეს. ამ ზოლს გარს არტყავს შეზღუდული შეიარაღების ზონა, სადაც მოქცეული არ არის ქალაქი სენაკი. შეიარაღების შეზღუდვის ზონაში რუს სამშვიდობოებს, ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმებული გადაადგილების უფლება აქვთ.