რუსული ძალები ”ბუფერულ ზონებს” აძლიერებენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი:
•რუსული ძალები უკან დახევის საბოლოო ეტაპზე არიან;
•უკან დახევის დაჩქარება გეგმაში არ არის;
•რუსეთს არ სიამოვნებს ნატოს გემების ყოფნა შავ ზღვაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან უკან დახევის საბოლოო ეტაპზე იმყოფებიან, თუმცა ნათლად მიანიშნა, რომ ძალები დარჩებიან ბუფერულ ზონებში როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის მიდამოებში.

”რუსეთის არმია მკაცრად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს და ჩვენ უკვე დავიწყეთ რუსული ძალების დაგეგმილ პოზიციებზე უკან დახევის საბოლოო ეტაპი,” – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 22 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. ”რუსეთის თავდაცვის მინისტრმა [ანატოლი სერდიუკოვმა] განაცხადა, რომ დღის ბოლოსთვის რუსული კონტინგენტი გამოყვანილი იქნება”.

”რუსული ძალების უკან დახევა გეგმის შესაბამისად ხორციელდება და ჩვენ ამ გეგმის კორექტირებას ან უკან დახევის პროცესის დაჩქარებას არ ვაპირებთ,” – დასძინა მან აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, რომ რუსეთი თავის ვალდებულებებს ძალიან ნელი ტემპით ახორციელებს.

ნოგოვიცინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრე გაკეთებული განცხადება, რომ რუსული ძალების საგუშაგოები განთავსდება სამხრეთ ოსეთიდან სამხრეთით, საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

”რუსული სამშვიდობო კონტინგენტი განაგრძობს მისი შესაძლებლობების გაზრდას, რათა დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობა, მარადიორების და შეიარაღებული ჯგუფების შემოსვლის აღკვეთის მიზნით, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის გასწვრივ 18 საგუშაგო გაიხსნა,” – განაცხადა მან.

კერძოდ, რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის მიდამოებში მდებარე ”უსაფრთხოების ზონაში” საგუშაგოების ორ წყებას შექმნიან. პირველ ხაზში შევა რვა საგუშაგო რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონის ხაზის გასწვრივ. მეორე ხაზი კი, რომელშიც 10 საგუშაგო შევა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განთავსდება. ამ ორ წყებას შორის ბუფერული ზონა იქნება.

სამშვიდობო ძალების ე.წ. ”პასუხისმგებლობის ზონა”, წლების წინ მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების თანახმად, მოიცავს 140 ოსურ და 130 ქართულ სოფელს და სამხრეთით ეს ხაზი საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს გადის და გზის გარკვეულ მონაკვეთზე (გორის აღმოსავლეთით – შავშვებთან და დასავლეთით – აგარასთან) კვეთს კიდეც მაგისტრალს, მაგრამ მასში ქალაქი გორი არ შედის.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”როიტერს” განუცხადა, რომ ბუფერული ზონა მიუღებელია. ”ბუფერული ზონები არ იქნება. ჩვენ არასდროს ვიცხოვრებთ ბუფერული ზონებით. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ,” – განაცხადა მან.

თუმცა, ამის საპასუხოდ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა: ”ჩვენ არ ვკითხავთ ბატონ სააკაშვილს ბუფერული ზონის შესახებ”.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება და ასევე საგარანტიო წერილი-განმარტება, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა, სანამ ეს უკანასკნელი ხელს მოაწერდა მას, განსაზღვრავს, რომ რუსულ ძალებს შეუძლიათ ”დამატებითი უსაფრთხოების ზომების” განხორციელება, მათ შორის პატრულირების ფორმით, სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს. ამ ტერიტორიაში ”არცერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრი არ შევა – მე მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით ქალაქი გორი”, აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში და ასევე დასძენს: ”განსაკუთრებული  შეთანხმებები უნდა იქნას მიღებული, რათა გარანტირებულ იქნას თავისუფალი მოძრაობა და საგზაო და სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოში”.

ამავდროულად, აფხაზეთის მიმართულებით რუსული ძალები ასევე აძლიერებენ საგუშაგოებს თვითგამოცხადებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე, განაცხადა გენშტაბის უფროსის მოადგილემ.

ნოგოვიცინის თქმით, ”რუსული ძალები სამშვიდობო ოპერაციას ახორციელებენ” ზემო კოდორის ხეობაში და მდინარე ენგურის ჩრდილოეთ ნაწილში საგუშაგოები გახსნეს.  

მისი თქმით, ყველა ქართული ”უკანონოდ გახსნილი” საგუშაგო აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ”ლიკვიდირებულია”.

მისი თქმით, ზუგდიდში რუსული ძალები განაგრძობენ ადგილობრივი სამთავრობო შენობების დაცვას. მანამდე 22 აგვისტოს ქართული მედია იტყობინებოდა, რომ რუსული ძალები ტოვებენ ადმინისტრაციულ შენობებს ზუგდიდში. ეს შენობები მათ 11 აგვისტოს დაიკავეს.

ნოგოვიცინმა ასევე ნათლად აღნიშნა პრესკონფერენციაზე, რომ რუსეთს არ სიამოვნებს დასავლეთის სამხედრო გემების ყოფნა შავ ზღვაში.

”გუშინ ესპანეთის და გერმანიის სამხედრო გემები მოძრაობდნენ აფხაზეთის საზღვრების მახლობლად და რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად არ გვესმის, რატომ მონაწილეობენ სხვა გემები სამშვიდობო პროცესში ამ ტეროტორიაზე,” – განაცხადა მან.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი განაგრძობს პატრულირებას აფხაზეთის სანაპიროს მახლობლად, განაცხადა ნოგოვიცინმა.

”ჩვენ არ გვგონია, რომ ეს [სხვა გემების ყოფნა] ნამდვილად ეხმარება სიტუაციის სტაბილიზაციას რეგიონში, რადგანაც ვითარებას რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აკონტროლებს,” – დასძინა მან.

21 აგვისტოს შავ ზღვაში ნატოს სამი სამხედრო გემი შემოვიდა, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოში არსებულ კრიზისთან, განაცხადა ნატოს სამხედრო სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

ისინი ”წინასწარ დაგეგმილ და განსაზღვრულ ვიზიტს ახორციელებენ შავი ზღვის რეგიონში, რათა ითანამშრომლონ და წვრთნები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორებთან ნატოდან, რუმინეთთან და ბულგარეთთან, რაც ჩვენი წინასწარი დაგეგმვის მნიშვნელოვანი თვისებაა,” – იტყობინება Associated Press-ი ვიცე-ადმირალის პიმ ბედეტის სიტყვებზე დაყრდნობით.

ნატოს გემებს შორის არიან ესპანური Almirante Don Juan Bordon, გერმანული FGS Luebeck და პოლონური ORP General K Pulaski.

გარდა ამისა, ორ ამერიკულ ხომალდს, მათ შორის USS McFaul რაკეტსაწინააღმდეგო გემს და ამერიკულ სანაპირო დაცვის კატარღას საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება მოაქვთ. ამის შესახებ აშშ-ს ევროპული სარდლობა იტყობინება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version