რუსეთის შეტევების შემდეგ დარჩენილი აუფეთქებელი კასეტური ბომბები კონფლიქტის ზონის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეებს საფრთხეს უქმნის, განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 21 აგვისტოს.
მისი თქმით, ორგანიზაციის მკვლევარებმა დაინახეს კასეტური ბომბების აუფეთქებელი ნაწილები სოფელ შინდისში, გორის რაიონში და სოფელ ფხვენისის მახლობლად.
”ბევრი ადამიანი დაიღუპა საქართველოში რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა უარყო, რომ ეს ბარბაროსული იარაღი გამოიყენა,” – განაცხადა Human Rights Watch-ის სამხედრო ექსპერტმა მარკ გარლასკომ, ”კიდევ უფრო ბევრი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ან დაშავდეს, თუ რუსეთი არ მისცემს უფლებას პროფესიონალურ გამნაღმელ ორგანიზაციებს შევიდნენ დაუყონებლივ და გაწმინდონ დანაღმული ტერიტორიები”.
შინდისის და სოფელ ფხვენისის მაცხოვრებლებმა განუცხადეს Human Rights Watch-ის მკვლევარებს, რომ რეგიონში ასობით აუფეთქებელი ბომბია. აუფეთქებელი ბომბები ძალიან სახიფათოა და შეიძლება აფეთქდეს ხელში აღების ან სხვაგვარად შეხების შემთხვევაში.