აზერბაიჯანი დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით – ალიევი

საქართველოში მიმდინარე მოვლენები ეკონომიკურ ზიანს აყენებს აზერბაიჯანს, განაცხადა 20 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია, რომ საქართველოში სტაბილურობა აღდგეს.

”რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები ძალიან გვაშფოთებს ჩვენ,” – განაცხადა ალიევმა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეპ ტაიპ ერდოგანთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, ”ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველოში ცხოვრება რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს, დაისადგუროს სტაბილურობამ და ბოლო მოეღოს კონფრონტაციას”.

მისი თქმით, საქართველოში საომარმა მოქმედებებმა ზარალი მიაყენა აზერბაიჯანის საექსპორტო შესაძლებლობებს.

”ჩვენი სატრანსპორტო შესაძლებლობები შეიზღუდა,”- განაცხადა მან, ”საქართველოში ხიდის აფეთქებამ აზერბაიჯანული საექსპორტო ბრუნვა მნიშვნელოვნად შეკვეცა”.

სარკინიგზო ხიდი, რომელიც დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთთან და შესაბამისად, აზერბაიჯანთან და სომხეთთან აკავშირებდა, 16 აგვისტოს ააფეთქეს.  საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარში რუსული ჯარები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამით მათ საქართველოსთან ერთად რკინიგზით მოსარგებლე სხვა ქვეყნებიც გააფრთხილეს. თუმცა რუსეთმა კატეგორიულად უარყო მომხდართან კავშირი.

რკინიგზა ერთადერთი საშუალება რჩებოდა აზერბაიჯანული ნავთობის დასავლეთში გადასაზიდად მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს BP-მ საქართველოში რუსული საჰაერო იერიშის ფონზე ”უსაფრთხოების ზომების” გამო შეაჩერა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მუშაობა.

რაც შეეხება ძირითად ნავთობსადენს – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს – ის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს, საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებამდე დაიკეტა, ნავთობსადენის თურქეთის მონაკვეთზე გაჩენილი ხანძრის გამო. 20 აგვისტოს ”როიტერი” იტყობინებოდა BP-ის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ დღეიდან დაიწყება ნავთობის საცდელი გაშვება მილსადენში და სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.

ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტები მშვიდობიანი მოლაპარაკებათა გზით უნდა გადაწყდეს, ”საერთაშორისო სამართლის საფუძველზე”.

მან ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ორ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან – რუსეთთან და საქართველოსთან – მეგობრული ურთიერთობები აქვს.

”ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა ერთმანეთშიც იმეგობრონ,”- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ”დარწმუნებული ვარ, რომ თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და ინიციატივები მომავალში რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობასთან მიგვიყვანს”.

Exit mobile version