რუსულმა ძალებმა, ტანკებმა და ჯავშანმანქანებმა 19 აგვისტოს დაიწყეს გორიდან გასვლა, იტყობინება ”როიტერი” ადგილზე მისი კორესპონდენტის ცნობაზე დაყრდნობით.
”დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი დაიწყო,” – განუცხადა რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწემ იგორ კონაშენკოვმა ”როიტერს” ადგილზე.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს გაყვანის პროცესის დაწყება.
”ისინი [რუსული ძალები] დგამენ ამას, რათა უცხოელ ჟურნალისტებს დაანახონ, რომ გასვლა დაიწყეს,” – განუცხადა შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა Civil.Ge-ს. ”ფაქტიურად, ისინი უკან ბრუნდებიან [გორში]”.
”როიტერმა” ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი ჟურნალისტები რუსულმა მხარემ გორში შეიყვანა.
იმავდროულად, თვითმხილველმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ გომიდან საჩხერისკენ მიმავალ უღელტეხილზე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე უხეში დათვლებით, დაახლოებით, 300-მდე რუსი სამხედროა დაბანაკებული, ასევე მობილიზებულია 25 ერთეული ჯავშანმანქანა; ორი მანქანა, რომელზეც დამონტაჟებულია ჰაერსაწინააღმდეგო ტყვიამფრქვევები და ”ურალის” ტიპის რამოდენიმე მანქანა.