პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მას შემდეგ, რაც ”საოკუპაციო ძალები” დატოვებენ საქართველოს.
მიმართვის ჩანაწერში, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 18 აგვისტოს უჩვენა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზნებს, მისმა ძალებმა დაუყონებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა და მოლაპარაკებებისთვის მოემზადონ.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ გამოიწვია მისი ”გაუცხოება” საქართველოში.
”საქართველო ყოველთვის გახსნილია, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩვენს შორის იმისაკენ, რომ ყველა სადავო საკითხი, თუ ასეთი არსებობს, გადაიჭრას დიალოგის, მოლაპარაკების და ელემანტარული ცივილიზებული ურთიერთობების გზით. მაგრამ ამის წინა პირობა უკვე არის საოკუპაციო ჯარის გასვლა და საქართველოსთვის ზიანის მიყენების შეჩერება და საქართველოს დეოკუპაცია,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”მე დიდი იმედი არ მაქვს თქვენი გულმოწყალეობის და ნამდვილად ამაზე არ ვაკეთებ ახლა გათვლას, მაგრამ მე იმედი მაქვს თქვენი პრაგმატიზმის და ელემანტარული საღი აზრის,” – დასძინა მან.
ბულგარული საინფორმაციო სააგენტო ”ფოკუსი” იტყობინებოდა 17 აგვისტოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მილენ კერემედჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სოფია შეიძლება გახდეს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის ადგილი. კერემედჩიევმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტუმრობდა, განაცხადა, რომ თბილისმა მიიღო ბულგარეთის ეს შეთავაზება.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა მართალია დაადასტურა, რომ ბულგარეთმა დედაქალაქი შესთავაზა შეხვედრის ადგილად, მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს, დათანხმდა თუ არა თბილისი ამ წინადადებაზე; თუმცა, მან Civil.Ge-ს განუცხადა: ”ჩვენ მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა თავის სატელევიზიო გამოსვლაში, რომ რუსეთის აგრესია მიზნად ისახავდა ”საქართველოს თავისუფლების ბოლოს მოღებას” და საქმე სულაც არ ეხებოდა სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს.
”რუსული აგრესიის და ოკუპაციის მთავარი მიზნები ჯერ-ჯერობით არის მიუღწეველი. საქართველოს დედაქალაქი არ დაეცა, საქართველოს მთავრობა, განსხვავებით 1921 წლისა არ გაქცეულა, უფრო მეტიც, მთავრობის ყველა რგოლი, როგორც არასდროს ორგანიზებულად და მწყობრად მუშაობს. ქართველი ხალხი არ გამოსულა ქუჩაში და არ დაუმხია საკუთარი მთავრობა,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ”ანექსიას ან საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ჩამოშლას.”