სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 17 აგვისტოს მთავრობა დაითხოვა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულება დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბორი ჩოჩიევს დაევალა, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებებში ცხინვალს წარმოადგენდა. მანამდე დე ფაქტო მთავრობას რუსეთის მოქალაქე იური მოროზოვი ხელმძღვანელობდა.
დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით 17 აგვისტოს 21 საათიდან ერთი თვის განმავლობაში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, რის საფუძველზეც შეზღუდულია გადაადგილება რეგიონში. ქალაქ ცხინვალში მოქმედებს კომენდანტის საათი.