სააკაშვილი: ხელი მოვაწერე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რუსეთთან, რომელიც, მისი თქმით, საფრანგეთისა და აშშ-ს შუამავლობით მომზადდა.

ამის შესახებ სააკაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან გამართული თითქმის 5-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

”ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც არ არის საბოლოო მოგვარება იმიტომ, რომ საოკუპაციო ჯარები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივ  პრესკონფერენციაზე.

”ეს შეთანხმება არის ჩვენსა და რუსეთს შორის,”- დასძინა მან, ”ახლა ჩვენ უნდა დავიძრათ დროებითი მოწესრიგებიდან და შევიყვანოთ საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილზე”.  

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სარკოზისთან შეხვედრისას იყო შეთანხმება, რომ ხელმოწერის შემდეგ რუსი სამხედროები დაიწყებდნენ გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან, რაც ”დაუყოვნებლივ” უნდა შესრულდეს.

Exit mobile version