ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის Human Rights Watch (HRW)-ის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ სამხრეთ ოსური შეიარაღებული ჯგუფების მიერ ქართული სოფლების ”განადგურების და ძარცვის საშინელი სურათი” იხილეს.
HRW-მა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა მკვლევარებმა, რომლებიც წინა დღეს ჯავიდან ცხინვალის მიმართულებით მოძრაობდნენ, დაინახეს ქართულ სოფლებში – კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ზემო აჩაბეთი და თამარაშენი – გადამწვარი სახლები.
”Human Rights Watch (HRW)-ის მკვლევარებმა ასევე დაინახეს ოსი მებრძოლები სამხედრო ფორმებში, რომელთაც ნიჟნი [ქვემო] აჩაბეთის სახლებიდან საოჯახო ნივთები გამოჰქონდათ – ავეჯი, ტელევიზორები, სათბობები, ჩემოდნები, ხალიჩები და საბნები და თავიანთ მანქანებზე ტვირთავდნენ. მარადიორების ქმედებების ახსნის მიზნით, ერთმა ოსმა მამაკაცმა Human Rights Watch-ს განუცხადა, ”რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ქართველებისგან რაღაცეები წაიღონ – რადგანაც მათ თავიანთი საკუთარი ქონება დაკარგეს ცხინვალში და სხვა ადგიელბში,” – აცხადებს HRW.
სოფლები ფაქტიურად დაცლილია, გარდა რამდენიმე მოხუცი და უძლური ადამიანისა, რომლებიც დარჩნენ, რადგანაც მათ ან არ შეეძლოდ გაქცევა, ან ცდილობდნენ თავიანთი ქონების და პირუტყვის გადარჩენას, აცხადებს ორგანიზაცია.
”ამ განადგურებული ეთნიკურად ქართული სოფლების მოსახლეობა საშინელ პირობებში იმყოფება, მათ გადარჩენის არანაირი საშუალება არ აქვთ, არანაირი დახმარება, არანაირი დაცვა და არსად წასასვლელი,” – აღნიშნავს HRW.
HRW-მა ასევე ინტერვიუ ჩამორთვა რამდენიმე ქალბატონს ოსური სოფლიდან, და ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა მას სახლიდან ფული მოპარეს. ხოლო მეორეს თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა უთხრეს მათ ნუ შეეშინდებათ, რადგანაც არ ისროდნენ, თუ მათ არ შეუტევდნენ.
ამავდროულად, HRW-ის წარმომადგენელმა ანა ნეისტატმა, რომელიც სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული ზარალის შემსწავლელ ჯგუფს ხელმძღვანელობს, Guardian-ს განუცხადა, რომ რუსეთის განცხადება, რომ 2 ათასი ოსი დაიღუპა ”გაზვიადებულია”.
”ის მაჩვენებელი, რომ 2 000 ადამიანი დაიღუპა, საეჭვოა,” – განაცხადა მან. ”ჩვენი დასკვნებით, რუსული სტატისტიკა არ დასტურდება. პირიქით, ამ დასკვნების თანახმად, ეს ციფრები გაზვიადებულია”.
მისი თქმით, რუსეთის პროპაგანდამ გარდაცვლილთა რაოდენობის გაზვიადების თაობაზე რეგიონში ქართველების წინააღმდეგ შურისძიება გამოიწვია.