- გეითსი: რუსეთს საქართველოს დასჯა სურდა;
- ჰუმანიტარული დახმარების სტანდარტული პაკეტი გამოიყო;
- გენერალი კარტრაითი: რუსეთი ”მეტ-ნაკლებად ასრულებს” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
”ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ძალის გამოყენების პერსპექტივას,” – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა 14 აგვისტოს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენცია აშშ-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ ჯეიმს კარტრაითთან ერთად გაიმართა.
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული აშშ-ს სატვირთო თვითმფრინავი C-17 უკვე ჩამოვიდა თბილისში და ვაშინგტონმა განაცხადა, რომ საზღვაო ძალებსაც გამოიყენებს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების ჩამოსატანად.
”ეს არის ჰუმანიტარული დახმარების მისია და ამ ეტაპზე ეს ჩვენი პრიორიტეტია,” – განაცხადა გეითსმა.
”შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიუბრუნდება ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებს და ასევე იმ საკითხს, თუ რისი გაკეთება შეიძლება მომავალში საქართველოს უსაფრთხოების ძალებისთვის… ამჯერად ჩვენ მხოლოდ ის ხალხი გვეყოლება ადგილზე, ვინც საჭიროა იმისათვის, რომ ჰუმანიტარული ტვირთი გაანაწილოს,” – განაცხადა მან.
გენერალმა კარტრაითმა განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებმა ”ჰუმანიტარული დახმარების სტანდარტულ პაკეტი” მოამზადეს, რაც ასევე გულისხმობს იმის დადგენას, თუ სად არის საჭირო დახმარება, რა სახის დახმარებაა საჭირო, იქნება ეს სამედიცინო დახმარება, კომუნიკაციების აშენება თუ სხვა.
რობერტ გეითსის თქმით, რუსეთმა გადაწყვეტილება საქართველოზე თავდასხმასთან დაკავშირებით მხოლოდ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გამო არ მიიღო.
მისი აზრით, რუსეთს საქართველოს დასჯა სურდა, რადგანაც ის დასავლეთთან ინტეგრაციას შეეცადა.
”თუ რუსეთი არ დაიხევს უკან თავისი აგრესიული პოზიციიდან და ქმედებებიდან საქართველოში, ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე მომდევნო წლებში,” – გააფრთხილა მან.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ის რუსეთის ზრახვებთან დაკავშირებით, გეითსმა უპასუხა: ”ჩემი აზრით, რუსები – და მე ვიტყოდი – ძირითადად პრემიერ-მინისტრი პუტინი, დაინტერესებულია არა მხოლოდ დაამტკიცოს რუსეთის ზესახელმწიფოებრივი სტატუსი, არამედ დაიმკვიდროს რუსეთის ტრადიციული გავლენის სფერო. მე ვფიქრობ, არის მცდელობა იმისა, რომ ის, რაც მათ ძალით დაათმობინეს 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახლა ცდილობენ უკან დაიბრუნონ”.
მან ასევე განაცხადა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული ყოველთვის აგვისტოში ხდებოდა ცეცხლის განახლება ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის.
”წელს ამის ესკალაცია ძალიან სწრაფად მოხდა და მე მომეჩვენა, რომ რუსები მზად იყვნენ შანსი გამოეყენებინათ და ეს ძალიან აგრესიულად გააკეთეს,” – განაცხადა გეითსმა. ”მათ [რუსებს] აშკარად ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ და მეტი საჰაერო ძალა, უამრავი ძალა”.