საქართველოს პარლამენტი დღეს მიღებულ მიმართვაში მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართონ ძალისხმევა, რათა რუსეთის ჯარებმა საოკუპაციო ჯარებმა მთლიანად დატოვონ საქართველო, ”მათ შორის, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი”.
პარლამენტი მოუწოდებს, რომ ისინი ”დაუყოვნებლივ უნდა იქნენ ჩანაცვლებული საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტით, რადგან ”რუსეთის ფედერაციის აგრესიამ მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთი არ არის და არ შეიძლება იყოს მედიატორი ან მშვიდობისმყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების რეგიონებში”.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ”საქართველოს პარლამენტი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს ოკუპირებულად აცხადებს”. პარლამენტი გეგმავს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებას უახლოეს ხანებში.
იმავდროულად, პარლამენტი მიუთითებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
”ოკუპირებულ ტერიტორიებზე” მიმდინარეობს ღია ტერორი და მოროდიორობა. ხორციელდება მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. ზემო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოძევებულია მოსახლეობა. მოსახლეობის ნაწილი ტყვედ არის აყვანილი და იმყოფებიან სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში,”- აცხადებს პარლამენტი.
”საერთაშორისო თანამეგობრობა წინ უნდა აღუდგეს რუსეთის ფედერაციის აგრესიას, სისასტიკეს და მიმდინარე ფართომასშტაბიან ეთნიკურ წმენდას”