ბუში თბილისში რაისს აგზავნის მხარდაჭერის აღმოსაჩენად

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იგი სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს აგზავნის საქართველოში, ”სადაც ის პირადად გადასცემს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების მიმართ”.

”ამ ვიზიტის დროს იგი განაგრძობს ჩვენ მცდელობებს შეკრას მთელი თავისუფალი სამყარო თავისუფალი საქართველოს დასაცავად,” – განაცხადა მან საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში.

გთავაზობთ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების სრულ ტექტს: 

”მე ახლახანს შევხვდი ეროვნულ უშიშროების გუნდს საქართველოში კრიზისის განსახილველად. მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილს და საფრანგეთის პრეზიდენტს სარკოზის. აშშ ძლიერად უჭერს მხარს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მცდელობას იშუამავლოს შეთანხმებისთვის ამ კონფლიქტში.

აშშ მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, დაჟინებით მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა არაა მისი მიზანი. აშშ და მსოფლიო ელის რუსეთისგან ამ ვალდებულების პატივისცემას.

რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ შეაჩერა სამხედრო ოპერაციები და დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას. სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ ცნობებს რუსეთის ქმედებებზე, რომლებიც შეუსაბამოა მათ განცხადებებთან. ჩვენ შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომ რუსულმა დანაყოფებმა დაიკავეს პოზიციები გორის აღმოსავლეთ ნაწილში, რაც მათ საშუალებას აძლევს გადაკეტონ დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, გაყონ ქვეყანა და დაემუქრონ დედაქალაქ თბილისს.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ რუსული ძალები შევიდნენ და დაიკავეს საპორტო ქალაქი ფოთი, რომ რუსული სამხედრო გემები პორტთან მისასვლელს ბლოკავენ და რუსეთი აფეთქებს ქართულ გემებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ ინფორმაციით, რომ საქართველოს ყველა ეთნიკური კუთვნილების მოქალაქენი არ არიან დაცულები. ყველა ძალას, მათ შორის რუსულ ძალებს, აქვთ ვალდებულება დაიცვან უდანაშაულო მოქალაქეები შეტევებისგან.

ამ შეხედულებით, მე გადავწყვიტე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, რათა მოხდეს ჩვენი სოლიდარობის დემონსტრირება საქართველოს ხალხისადმი და დახმარება ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად. მე ვაგზავნი სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს საფრანგეთში , სადაც ის ითათბირებს პრეზიდენტ სარკოზისთან. შემდეგ ის თბილისში გაემგზავრება, სადაც ის პირადად გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიმართ. ამ ვიზიტისას ის გააგრძელებს ჩვენ მცდელობებს შეკრას მთელი თავისუფალი სამყარო თავისუფალი საქართველოს დასაცავად.

ჩვენ ასევე დავავალეთ თავდაცვის მდივანს რობერტ გეითს დაიწყოს საქართველოს ხალხისთვის ჰუმანიტარული მისია, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობით. ეს მისია იქნება აქტიური და C-17 თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით უკვე გზაშია. და დღეების შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკულ თვითმფრინავს, ისევე როგორც საზღვაო ძალებს ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთის მისაწოდებლად.

ჩვენ ველით რუსეთისგან, რომ ის პატივს სცემს ვალდებულებას დაუშვას ყველა სახის ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ველით რუსეთისგან იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხაზი, მათ შორის საზღვაო პორტები, აეროპორტები, გზები და საჰაერო სივრცე იქნება ღია ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მოქალაქეების ტრანზიტისთვის. ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებას საქართველოში ყველა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე. და ჩვენ ველით, რომ მთელი რუსული ძალები, რომლებიც ამ დღეებში შევიდნენ საქართველოში, გავლენ ქვეყნიდან.

როგორც უკვე მკაფიოდ გამოვხატე, რუსეთის მიმდინარე ქმედებები სერიოზულ კითხვებს ბადებს მის გეგმებთან დაკავშირებით საქართველოში და რეგიონში. გასულ წლებში, რუსეთი ესწრაფვოდა 21-ე საუკუნის დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციას. აშშ მხარს უჭერდა ამ მცდელობას. ახლა კი რუსეთი მის ამ მისწრაფებას რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში მოქმედებით, რაც შეუსაბამოა ამ ინსტიტუტების პრინციპებთან. აშშ-სთან, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენის დასაწყებად და მსოფლიოში მისი ადგილის აღდგენის დასაწყებად, რუსეთმა თავისი პირობა უნდა შეასრულოს და იმოქმედოს ამ კრიზისის დასასრულებლად.

მადლობთ”.

Exit mobile version