სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან გამოქცეული ასობით ადამიანი დღეს დილით თბილისის მერიის წინ შეიკრიბა თავშესაფრის მიღების იმედით.
”ჩვენ სოფლიდან ღამის 2 საათზე გამოვიქეცით, თან არაფერი წამოგვიგია,” – განუცხადა დევნილმა ქალბატონმა Civil.Ge-ს.
მისი თქმით, ის სოფელ ქორდიდანაა, რომელიც ცხინვალიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარეობს. ”[კონფლიქტის ზონის] ქართული სოფლები თითქმის ცარიელია. ჩემს ეზოში ჩამოგდებული თვითმფრინავის ფრთა გდია. იქ შეუძლებელია ცხოვრება”.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთიდან და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან დევნილთა რაოდენობა 10-20 ათასს შორის მერყეობს.
”ქართველებმა განაცხადეს, რომ 2 400 ადამიანმა დატოვა თავიანთი საცხოვრებელი სახლები, თუმცა ჩვენ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია,” – იტყობინება ”როიტერი” გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის რონ რედმონდის სიტყვებზე დაყრდნობით.