საქართველოზე ღამით მორიგი საჰაერო იერიში განხორციელდა

რუსეთის სამხედრო ავიაციამ შეტევების მთელი სერია განახორციელა 11 აგვისტოს ღამეს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

თბილისში ღამის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.  რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს თბილისის ზღვასთან, მახათას მთაზე მდებარე რადიოლოკაციურ სადგურზე.

აღნიშნული რადარი სამოქალაქო დანიშნულების იყო და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ემსახურებოდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეორე ჭურვი რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის შემოგარენში დაუსახლებელ ადგილას ჩამოაგდო.

თითქმის იმავე დროს, რუსულმა თვითმფრინავებმა ჭურვები ჩამოყარეს კახეთის დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ყოფილ სამხედრო აეროდრომი, რომელიც უკვე მრავალი წელია აღარ ფუნქციონირებს.

ორი ჭურვი დაეცა სენაკის სამხედრო ბაზას და ორიც მის მიმდებარე ტერიტორიას. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი ადამიანია დაჭრილი.

გუშინ ღამით ასევე დაიბომბა განმუხურის დაცარიელებული პატრიოტთა ბანაკი.

რუსულმა ავიაციამ ასევე დაბომბა ხელვაჩაურის რაიონის ის ტერიტორია, სადაც სამხედრო ნაწილია განთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა სამი ჭურვის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Exit mobile version