თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე 10 დღით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 11 აგვისტოს დადგომისთანავე შევა ძალაში.
ამის შესახებ საუბარია განკარგულებაში, რომელიც ”აფსნიპრესმა” გამოაქვეყნა.
საომარი მდგომარეობის მოტივად განკარგულება ასახელებს ”სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებულ აგრესიას და ასევე აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს უშუალო აგრესიის საფრთხეს”.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ საომარი მდგომარეობა გავრცელდება გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებში, ასევე სოხუმის რაიონის მოსაზღვრე სოფლებში.