ბაღაფში: აფხაზეთი კოდორში ძალებს აგზავნის

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მან უკვე გასცა ბრძანება ზემო კოდორის ხეობაში 1,000 სამხედროს გაგზავნის თაობაზე.

”ჩვენ მზად ვართ ეს ბრძანება ძალაში მოვიყვანოთ და წინ წავიდეთ, თუ იქნება წინააღმდეგობა ქართული მხრიდან,” იტყობინება ”როიტერი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. 

”ჩვენ ჩვენს ქმედებებს რუსეთთან, ჩვენს უდიდეს მეგობართან ერთად განვიხილავთ,” განაცხადა მან. ”მე ვთხოვე რუს სამშვიდობოებს გააძლიერონ თავიანთი სამხედრო კონტინგენტი საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე”.

9 აგვისტოს ქართული მხარე იტყობინებოდა, რომ ხეობა დაიბომბა.

საქართველოს მთავრობამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთის პროვოცირებას ახდენს, რომ სამხედრო ქმედებები განახორციელოს ზემო კოდორის ხეობაში ქართული ძალების წინააღმდეგ.  

საქართველოს მთავრობამ განცხადებაში მოუწოდა აფხაზურ მხარეს ”არ წამოეგოს რუსეთის პროვოკაციას” და ”არ ჩაერთოს რუსეთის სამხედრო ავანტიურაში”. მან ასევე მოუწოდა მოლაპარალებების დაუყონებლივ დაწყებისკენ.

თუმცა, ბაღაფშმა განაცხადა: ”კონტაქტები საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებასთან შეუძლებელია”.

 

Exit mobile version