საქართველოში საომარი მდგომარეობაა შემოღებული

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომაროების და სრული მობილიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება  დღეს პარლამენტმა ერთხმად მიიღო. ბრძანებულების ტექსტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ გააცნო:

”შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში დესტაბილიზაციის, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეიარაღებული თავდასხმისა და ძალადობის ფაქტების აღკვეთის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის… საომარი მდგომარეობის და მობილიზაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ა ქვეპუნქტის შესაბამისად:

1.გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე
2.საომარი მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვროს 15 დღით
3.საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოცხადდეს სრული მობილიზაცია და შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად გამოყენებული იქნეს საქართველოს სამხედრო ძალები
4.ბრძანებულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ხოლო შემდგომ ყოველ 2 საათში გადაიცეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით
5.ბრძანებულება 48 საათში წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
6.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ევროსასაბჭოს გენერალურ მდივანს, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.

ნიკა გვარამიას განმარტებით აღნიშნული აქტის მიღებით გამოცხადდება საომარი მდგომარეობა, რაც იწვევს მართლწესრიგს და ძირითადად უკავშირდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას და მათ მობილიზაციას და ”არანაირად მნიშვნელოვან პრესს არ ითვალისწინებს  რიგითი მოქალაქეებისთვის”.

”ეს არ ნიშნავს, რომ ხვალიდან იქნება რაიმე პრობლემები სურსათის მომარაგებაზე. ჩვეულებრივად გაგრძელდება ცხოვრების რიტმი ქვეყანაში”, – დასძინა მან.

 

Exit mobile version