პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებზე თავდასხმებისა, თბილისი ”მაქსიმალურ თავშეკავებას” იჩენს.
”მაგრამ ჩვენ არავის არ ვურჩევთ რაიმე სახის პროვოკაციების გაგრძელებას,” – განაცხადა მან 7 აგვისტოს.
სააკაშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააკეთა, სადაც მან გასულ ღამეს ინტენსიური სროლების დროს დაჭრილი ორი ქართველი სამხედრო მოინახულა.
სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით, 18 ადამიანი, მათ შორის 88 წლის მამაკაცი და ოთხი ქალი, დაიჭრა მას შემდეგ, რაც 6 აგვისტოს ღამით და 7 აგვისტოს გამთენიისას ოსურ სოფლებს ხეთაგუროვს, დმენისს, სარაბუკს, უბიათს და ცხინვალის შემოგარენს ”მასიური ცეცხლი” გაუხსნეს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი, ისევე როგორც საქართველო, არ არის დაინტერესებული კონფრონტაციის შემდგომ გაღრმავებაში.
”მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის ფედერაციის დიპლომატებთან, გრძელდება ყოველდღიური თავდასხმები ქართველ პოლიციელებზე, ქართველ სამშვიდობოებზე და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებზე,” – განაცხადა მან. ”მე მინდა პირდაპირ ვთქვა და დარწმუნებული ვარ, რომ კონფროტაციის გაღრმავება არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში და, რა თქმა უნდა, არ შედის საქართველოს ინტერესებში”.
მისი თქმით, ბოლოდროინდელი დაძაბულობა არის ” ისტერიული მილიტარიზაციის და მუდმივი სამხედრო რიტორიკის მრავალწლიანი პოლიტიკის” შედეგი. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ტენდენციას ასევე ემატება ”ბოლო დღეებში რუსეთის ტელევიზიით წარმოებული ნამდვილი სამხედრო პროპაგანდა” ამ ”პატარა, ერთი ციცქნა რეგიონთან” მიმართებაში, სადაც, მისი თქმით, ცხოვრობს 30 ათასზე ნაკლები ადამიანი.
მისი თქმით, ისინი, ვინც ამგვარი ტენდენციის უკან დგანან, პასუხისმგებელნი არიან ბოლოდრიუნდელ დაძაბულობაზე.
სააკაშვილმა მოუწოდა რუსეთს ”გაიწვიოს მისი ოფიციალური პირები” სამხრეთ ოსეთიდან. ის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს გულისხმობდა, რომლებიც ეთნიკური რუსები არიან და რომელთაც მანამდე არ უცხოვრიათ რეგიონში, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი იური მოროზოვი.
”მე მოვუწოდებ მათ, ჯერ ამ ხალხმა შეაჩეროს ყოველგვარი ძალადობა და შემდეგ დაუბრუნდეს თავიანთ სამშობლოს და მისცენ ადამიანებს თავისუფლად განვითარების, თავისუფალი ცხოვრების, ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება,” – განაცხადა მან. ”მოვახდინოთ რეგიონის დემილიტარიზაცია და მოვახდინოთ საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტა. ეს სიგიჟე ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ… ჩვენ მოუწოდებთ ყველას კონფროტაციის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ”.