იაკობაშვილი: მოსკოვმა უნდა დაითანხმოს ცხინვალი შეხვედრაზე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის როგორც შუამავლის და მშვიდობისმყოფელის როლი კიდევ უფრო შეირყევა, თუ ის ვერ დაარწმუნებს სამხრეთ ოსურ მხარეს მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში. 

თავდაპირველი გეგმის თანახმად, იგეგმებოდა ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებს შორის შეხვედრა 7 აგვისტოს ცხინვალში, რუსი თანათავმჯდომარის იური პოპოვის თავდასწრებით. თუმცა, ცხინვალმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას.

7 აგვისტოს პრესკონფერენციაზე საუბრისას იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა იკისროს პასუხისმგებლობა კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს ვითარების დაძაბვაზე, რადგანაც სეპარატისტულ ხელისუფლებას სწორედ რუსეთი ამარაგებს იარაღითა და საბრძოლო მასალებით.

იური პოპოვმა, რომელიც უკვე ჩამოვიდა თბილისში, დღეს დილით განაცხადა, რომ იგი ეჭვობს, რომ შეხვედრა გაიმართება მას შემდეგ, რაც ცხინვალმა უარი თქვა მასში მონაწილეობაზე.

თუმცა, მოგვიანებით კითხვაზე გაიმართება თუ არა შეხვედრა, პოპოვმა უპასუხა: ”ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე”.

თემურ იაკობაშვილმა ასევე განაცხადა 7 აგვისტოს, რომ სამხრეთ ოსური მხარე ქართულ სოფლებზე თავდასხმის ახალ მეთოდს იყენებს.    

”ისინი გვესვრიან სამოქალაქო ობიექტებიდან, სკოლებიდან, საავადმყოფოებიდან, რათა საპასუხო ცეცხლის დროს მიყენებული ზიანი შეეცადონ გაყიდონ, როგორც ბარბაროსობა ქართული მხრიდან,” – განაცხადა მან. ”მსოფლიო  საზოგადოება ძალიან უნდა იყოს შეშფოთებული ამ ფაქტებით”.

 

Exit mobile version