რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მხარეებს შორის დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა ჩაიშალოს.
დღეს დილით თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა. ”მაგრამ გაირკვა, რომ სამხრეთ ოსური მხარე ეჭვქვეშ აყენებს ამგვარი შეხვედრის მიზანშეწონილობას,” – განაცხადა პოპოვმა. ”თუ ეს ასეა, მე მომიწევს თბილისსა და ცხინვალს შორის ცალცალკე მოლაპარაკებების წარმოება”.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა 6 აგვისტოს საღამოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”სამკუთხედში” საუბრისას, რომ იგი მაინც იმედოვნებს, რომ ცხინვალის შეხვედრა გაიმართება.
”რუსეთი ამჟამად ნამდვილადაა დაინტერესებული მოლაპარაკებების არსებობაში და ნამდვილად სურს სიტუაციის დეესკალაცია,” – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაეხმაროს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას თბილისსა და ცხინვალს შორის არა შსკ-ს ფორმატში, ამ ეტაპზე მაინც.
თუმცა, პოპოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს შსკ-ს ფორმატის შენარჩუნებას, ”რადგანაც ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელსაც გააჩნია სავალდებულო ხასიათის მქონე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება”.
სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარემ შსკ-ში ბორის ჩოჩიევმა 6 აგვისტოს განაცხადა, რომ ცხინვალი მხოლოდ შსკ-ს ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდება.