რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ იგი ესაუბრა რუსული მხარის თანათავმჯდომარეს შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვს, რომელმაც დაადასტურა, რომ აპირებს ჩამოვიდეს საქართველოში და სამხრეთ ოსურ მხარესთან შეხვედრას დაესწროს.
”მე ვესაუბრე ბატონ პოპოვს 17 წუთის წინ და მან მითხრა, რომ იგი თბილისში 7 აგვისტოს დილით ჩამოვა და შემდეგ ერთად გავემგზავრებით ცხინვალში. მოლაპარაკებები გაიმართება შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში [ცხინვალში],” – განაცხადა იაკობაშვილმა 6 აგვისტოს დაახლოებით 19:30 საათზე.
იაკობაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა და სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარემ შსკ-ში ბორის ჩოჩიევმა 6 აგვისტოს განაცხადეს, რომ ცხინვალი არ მიიღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში. სანაცვლოდ ისინი შსკ-ს ფარგლებში სხდომის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ. თბილისი შსკ-ს სხდომებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. იაკობაშვილმა კომენტარი არ გააკეთა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელ განცხადებებზე შეხვედრასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი მაინც გეგმავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ჩასვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხრეთ ოსური მხარე უარს იტყვის მასთან შეხვედრაზე. მისი თქმით, იგი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან გეგმავს შეხვედრას.