ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგობის გამო, იტყობინება Associeted Press-ი ებრაულ გაზეთ Maariv-ზე დაყრდნობით.
გაზეთი იტყობინება ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა საპროტესტო წერილი გაუგზავნა ისრაელს 20 აპრილის ინციდენტის შემდეგ, როდესაც აფხაზეთის თავზე ისრაელში წარმოებული ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსეთმა სთხოვა ისრაელს შეწყვიტოს საქართველოს მომარაგება სამხედრო ტექნიკით, რადგანაც რუსეთიც დროდადრო ასრულებს ისრაელის თხოვნას არ მიაწოდოს იარაღი იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ისრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, წერს Maariv-ი.
საქართველომ საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავები ”ჰერმეს 450” ისრაელის კომპანია Elbit Systems-ისგან შეიძინა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აპრილში განაცხადა, რომ საქართველოს 40 ასეთი თვითმფრინავი ჰყავს.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ ისრაელმა შეაჩერა იარაღის მიყიდვა საქართველოსთვის.
”მე გავიგე ამ ინფორმაციის შესახებ; ისრაელის პრესაში ჭორიკანა სტატია გამოქვეყნდა,” – განაცხადა იაკობაშვილმა თბილისში 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი ვარაუდით, ეს ”ჭორაობა” უკავშირდებოდა ისრაელის შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ”თქვენ იცით, რომ კომპრომატების ომი ამ ქვეყანაში უცხო არ არის,” – დასძინა მან.
”ჩვენ დავუკავშირდით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს; ისრაელის მიერ იარაღის გაყიდვის შეჩერებას ადგილი არ ჰქონია,” – განაგრძო მან. ”მე ვერ ვხედავ ისრაელიდან იარაღის მოწოდების რაიმე პრობლემას”.
ანალოგიური ინფორმაცია ისრაელის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შეჩერების თაობაზე 2005 წლის თებერვალშიც გაჩნდა, რაც ასევე უარყო ოფიციალურმა თბილისმა.