რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა დაადასტურა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა 7 აგვისტოს ცხინვალშია დაგეგმილი.
იური პოპოვმა 5 აგვისტოს განუცხადა საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასს”, რომ იგი ასევე დაესწრება შეხვედრას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს და შსკ-ში სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს შორის.
”ვიმედოვნებთ, რომ მხარეები მიაღწევენ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, რაც რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას დაეხმარება,” – განაცხადა მან.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შეცვალა თავისი პირვანდელი გადაწყვეტილება შემოთავაზებულ ფორმატში შეხვედრაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და 6 აგვისტოს განაცხადა, რომ ”შესაძლოა გაიმართოს საკონსულტაციო შეხვედრა”.
5 აგვისტოს სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ არ მიიღებდა შეხვედრაში მონაწილეობას, თუ ის შსკ-ს ფორმატში არ გაიმართებოდა და თუ მასში ჩრდილოეთ ოსური მხარეც არ მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა, 6 აგვისტოს მან განაცხადა, რომ შესაძლოა გაიმართოს შეხვედრა ქართულ, სამხრეთ ოსურ და რუსულ თანათავმჯდომარეებს შორის.
”სამხრეთ ოსურ მხარეს რუსეთის თანათავმჯდომარემ შსკ-ში იური პოპოვმა აცნობა, რომ შესაძლოა გაიმართოს მოსამზადებელი-საკონსულტაციო შეხვედრა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფორმატის – შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში,” – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამგვარი განცხადებით, კერძოდ იმ მინიშნებით, რომ შეხვედრა შსკ-ს სხდომის მოსამზადებლად იმართება, როგორც ჩანს, ცხინვალი ცდილობს იმიჯის შენარჩუნებას, რადგანაც უკვე დიდი ხანია ის აცხადებს, რომ ის მხოლოდ შსკ-ს ფარგლებში მოლაპარაკებების აღდგენას უჭერს მხარს.
თემურ იაკობაშვილი პირველი იყო, ვინც დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაახმოვანა. 5 აგვისტოს მან განაცხადა, რომ რუს დიპლომატს ”დამკვირვებლის სტატუსი” ექნება შეხვედრაზე, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს უკანასკნელი შერეულ საკონტროლო კომისიაში ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს.
”მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში; ეს იქნება ორმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც რუსული მხარეც დაესწრება,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ თბილისი აღარასდროს მიიღებდა მონაწილეობას მოლაპარაკებებში შსკ-ს ფარგლებში.
იაკობაშვილმა ასევე განაცხადა 5 აგვისტოს, რომ დაგეგმილი შეხვედრიდან იგი რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ელის; თუმცა, იქვე დასძინა: ”მოლაპარაკებების გამართვა ბევრად უკეთესია, ვიდრე სროლები”.
ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს ეკონომიკური თანამშრომლობა და რეგიონის დემილიტარიზაცია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განიხილავს საკითხს, რომელიც ეხება ცხინვალისთვის ”შეზღუდული თავისუფალი ეკონომიკური ზონის” შექმნის შეთავაზებას.