ცხინვალი უარყოფს შეხვედრაზე შეთანხმებას

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარყო თბილისის განცხადება იმის თაობაზე, რომ ცხინვალთან მიღწეულია შეთანხმება 7 აგვისტოს თვითგამოცხადებული რეგიონის დედაქალაქში მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. 

”სამხრეთ ოსური მხარე ყოველთვის უჭერდა მხარს მოლაპარაკებებს, თუმცა მხოლოდ არსებული ოთხმხრივი ფორმატის – შერეული საკონტროლო კომისიის – ფარგლებში,” – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ბეჭდვის და ინფორმაციის კომიტეტის ვერგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში იგი შსკ-ს ოსური მხარის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს შეხვედრას ცხინვალში 7 აგვისტოს შეხვდება.

არსებული შეთანხმების ფარგლებში, იაკობაშვილის თქმით, შეხვედრას ასევე დაესწრება რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი.

ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგნლები შეხვედრას არ დაესწრებიან, განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს 5 აგვისტოს.

”ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი შეთანხმება [ცხინვალთან და მოსკოვთან] და თუ არაფერი შეიცვლება, შეხვედრა ცხინვალში გაიმართება,” – განაცხადა იაკობაშვილმა. ”ეს არ იქნება შეხვედრა შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში; ეს იქნება ორმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც რუსული მხარეც დაესწრება,” – განაცხადა მან.

თბილისი ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეებისგან შემდგარი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვის წინააღმდეგია.

იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუს დიპლომატს შეხვედრაზე ”დამკვირვებლის სტატუსი” ექნება.

ცხინვალს და მოსკოვს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა შეჩერებულია მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფორმატზე შეუთანხმებლობის გამო.

ცხინვალი და მოსკოვი არსებული მექანიზმების, ანუ შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ითხოვენ მოლაპარაკებების განახლებას. თუმცა, თბილისი ამის კატეგორიული წინააღდეგია და სანაცვლოდ ამ მექანიზმის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოდის, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

შეხვედრა, თუ ის გაიმართება, როგორც ჩანს არსებული სიტუაციის კომპრომისული მოგვარების საშუალება იქნება. 

თემურ იაკობაშვილმა გაიმეორა 5 აგვისტოს, რომ თბილისი აღარ მიიღებს მონაწილეობას შსკ-ს სხდომებში.

პრესკონფერენციაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ მიიღო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების სარდლის მარატ კულახმეტოვის წერილი, სადაც ასახულია ბოლო დღეებში კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტების მონიტორინგის შედეგები. იაკობაშვილის განცხადებით, წერილში ნათლად არის ასახული, რომ სროლები ხორციელდებოდა ”ქართული მხარის მიერ კონრტოლირებადი სოფლების მიმართულებით და გამოყენებულ იქნა მძიმე ტექნიკა”.

”ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს ქართული მხარის განცხადებებს,” განაცხადა იაკობაშვილმა. ”დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საუბარი იმაზე, რომ ქართველებმა წამოიწყეს რაღაცა, ჩვენ დავბომბეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია ომის საშიშროების ზრდა, ეს არის ფარსი, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია იმისთვის, რომ ვითომდა წარმოაჩინონ ჩვენი აგრესიული ქმედებები”.

მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია როკის გვირაბზე მონიტორინგის განხორციელება. 

”მოვიდა დრო, რომ ჩვენ სერიოზულად დავაყენოთ საკითხი როკის გვირაბის კონტროლისა, იმიტომ, რომ უკონტროლო როკის გვირაბით ჩვენ უკვე მივიღეთ უზარმაზარი შეიარაღება და სასროლი მოწყობილებები”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. ”აუცილებელია ერთობლივი ქართულ-რუსული კონრტოლის განხორციელება როკის გვირაბზე და ჩვენ ამ წინადადებას დიდი ხანია ვიმეორებთ და ალბათ დრო მოვიდა, რომ განხორციელდეს”.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა 4 აგვისტოს, რომ იარაღის უკანონო გადატანის აღსაკვეთად როკის გვირაბის ერთობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგია საჭირო.

 

 

 

Exit mobile version