რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ იგი შსკ-ს ოსური მხარის თანათავმჯდომარესთან ბორის ჩოჩიევთან შეხვედრას ცხინვალში 7 აგვისტოს გეგმავს.
მისი თქმით, არსებული შეთანხმების თანახმად, შეხვედრას ასევე დაესწრება რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი.
ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგნლები შეხვედრას არ დაესწრებიან, განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს 5 აგვისტოს.
”ეს არ იქნება შეხვედრა შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში; ეს იქნება ორმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც რუსული მხარეც დაესწრება,” – განაცხადა მან.
თბილისი ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეებისგან შემდგარი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვის წინააღმდეგია.