რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ქართული მხარის განცხადებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს გვიან ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას მომხდარ სროლებში მისი სამშვიდობოების მონაწილეობის თაობაზე.
მამუკა ყურაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, განაცხადა, რომ ქართული მხარე ეჭვობს, რომ ქართული სოფლების დაცხილვაში რუსი სამშვიდობოებიც მონაწილეობდნენ.
”ქართული მხარის ეს განცხადება არის ბინძური საინფორმაციო პროვოკაცია,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, რუსი სამშვიდობოები არ ყვებიან პროვოკაციებს და თავშეკავებას ავლენენ.
”ბოლო დღეების განმავლობაში რუსი სამშვიდობოების საგუშაგოებზე თავდასხმები არ განხორციელებულა და რუს სამშვიდობოებს შორის დაშავებულები არ არიან,” – დასძინა მან.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ექვსი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ცხინვალის და ახლომდებარე ოსური სოფლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
ქართული მხარის განცხადებით, ქართული სოფლების დაცხრილვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი პოლიციელი.