ბერლინის შეხვედრა არ ითვალისწინებს პირდაპირ მოლაპარაკებებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, არამედ გაიმართება ცალცალკე შეხცედრები მხარეებს და გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს შორის, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.
”ჩვენ ცალკე შევხვდებით მეგობართა ჯგუფს და ქართული მხარეც ცალკე გამართავს შეხვედრებს,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით 31 ივლისს. მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მზადაა მეგობართა ჯგუფს ბერლინში 15-20 აგვისტოს ფარგლებში შეხვდეს.
ბაღაფშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბერლინის შეხვედრაზე სოხუმი ორ ძირითად საკითხს დააყენებს: ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერას და ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 30 ივლისს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირას ბერლინში დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაიშალა, გერმანია კვლავაც ცდილობს ამ შეხვედრის ორგანიზებას. შეხვედრის სავარაუდო ადგილად კვლავ ბერლინი რჩება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იენს პლეტნერმა.
თავდაპირველი შემოთავაზების თანახმად, შეხვედრა ბერლინში 30-31 ივლისს უნდა გამართულიყო. თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მათთვის შეხვედრის თარიღი მიუღებელია. მისი თქმით, აგვისტოს ბოლო უფრო მისაღები იქნებოდა აფხაზური მხარისთვის.
”აფხაზების მიერ შემოთავაზებული თარიღები არარეალისტურია იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები. ამ პერიოდში საქართველოში არის დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტი,” – გადაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა, ”მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ვერ გაიმართება აგვისტოში და ვერც სექტემბრის პირველ ნახევარში. მერე ვნახოთ”.