რუსეთს აფხაზეთიდან სარკინიგზო ძალები გაყავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ძალების მიერ აფხაზეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დასრულების აღსანიშნავი ცერემონია დღეს სოხუმის მახლობლად მდებარე დრანდას სადგურზე გაიმართა.

თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

რუსეთის სარკინიგზო ძალებმა, რომლებიც რეგიონში მაისის ბოლოდან იმყოფებიან, სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის 54-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი შეაკეთეს, მათ შორის რვა სარკინიგზო ხიდი.

რეგიონიდან უკვე გაყვანილია სარკინიგზო ძალების ნაწილი, ხოლო დანარჩენის გაყვანა ცერემონიის დასრულების შემდეგ იგეგმებოდა.

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება აფხაზური რკინიგზის უფროსის გურამ გუბაზის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ იგი იმედოვნებს, რომ რუსული სარკინიგზო ძალები კვლავ დაბრუნდებიან რუსეთში, რათა შეაკეთონ სოხუმიდან ფსოუმდე არსებული სარკინიგზო მონაკვეთი. 

”მოლაპარაკებები ამ საკითხზე მიმდინარეობს აფხაზეთის და რუსეთის მთავრობების დონეზე,” – დასძინა მან.

 ქართულმა მხარემ კატეგორიულად დაგმო აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ძალების დანაყოფების განთავსების ფაქტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურებოდა და არაფერი ჰქონდა საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან, როგორც ამას თბილისი ამტკიცებდა.  თბილისის თქმით, რუსეთი აფხაზეთის ინფრასტრუქტურას შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის ამზადებს. 

 

Exit mobile version