სოხუმი 110,000 აფხაზური პასპორტის გაცემის თაობაზე იტყობინება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, დღემდე სულ 110,000 აფხაზური პასპორტი გაიცა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 28 ივლისს.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტებისა და ვიზების სამსახურის უფროსმა ვალერი მალიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში მაცხოვრებელ ეთნიკურ ქართველებზე პასპორტები მხოლოდ აფხაზეთის უშიშროების სამსახურის მიერ სპეციალური შემოწმების შემდეგ გაიცემა.

მისი თქმი, აფხაზეთში მაცხოვრებელ 200 ეთნიკურ ქართველს უარი ეთქვა აფხაზური პასპორტის მიღებაზე. თუმცა, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა ეთნიკურმა ქართველმა მიიღო აფხაზური პასპორტი არ ვრცელდება.

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 2005 წლის 24 ოქტომბერს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ მიღებული კანონის თანახმად აფხაზეთის მოქალაქედ ითვლება ყველა ეთნიკური აფხაზი და ყველა ის პირი, რომელიც 1999 წლის 12 ოქტომბრის ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ არანაკლებ 5 წლისა მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში. ამასთან, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეს შეუძლია ერთდროულად იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო აფხაზეთის მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში მას უფლება აქვს გახდეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქე.
 

 

Exit mobile version