ცხინვალი მხოლოდ შსკ-ს ფორმატში თანხმდება მოლაპარაკებებს

ცხინვალმა უარყო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წინადადება ჰელსინკში ქართულ-ოსური შეხვედრის ორგანიზების თაობაზე იმ მოტივით, რომ ერთგულია შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შსკ-ს ოსური მხარის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს ეს შეთავაზება საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ ცხინვალში დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

წინადადება მოიცავდა ბორის ჩოჩიევისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მონაწილეობას ჰელსინკის მოლაპარაკებებში. ამ უკანასკნელმა სამი დღის წინ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი შეიძინა მას შემდეგ, რაც ცხინვალმა უარი თქვა ევროკავშირის ეგიდით 22 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. ცხინვალმა მოლაპარაკებების ჩაშლის მოტივად იაკობაშვილის უწყების ”მიუღებელი” სახელწოდება და ჩრდილოეთ ოსური მხარის ბრიუსელში არ მიწვევა დაასახელა.

ამჯერადაც ბორის ჩოჩიევმა განაცხადა: ”დაგომისის 1992 წლის შეთანხმებამ განსაზღვრა მოლაპარაკებათა პროცესის ფორმატი, რომელსაც დაესწრება ყველა დაინტერესებული მხარე, ვინც მონაწილეობას იღებს შსკ-ს ფორმატით მოლაპარაკებების პროცესში”.

შსკ-ში ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები შედიან. ცხინვალი და მოსკოვი შსკ-ს მოლაპარაკებათა ერთადერთ ინსტრუმენტად მიიჩნევენ, თუმცა თბილისმა ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარი მარტში განაცხადა.

სანაცვლოდ, ქართული მხარე ამ მექანიზმის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

Exit mobile version