სერგეი შამბა გერმანული გეგმის შესახებ საუბრობს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ის პირობები წამოაყენა, რომელთა საფუძველზეც სოხუმი გერმანიის მიერ მომზადებულ სამეტაპიან გეგმას მოლაპარაკებების განახლების საფუძვლად ჩათვლის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობას 17 ივლისს შეხვდა, სოხუმს 18 ივლისს სტუმრობს და აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ხვდება.

აფხაზურ ტელეკომპანია ”აბაზასთან” საუბრისას შამბამ განაცხადა, რომ გერმანული გეგმა დასრულებული არ არის და მხოლოდ მხარეებს შორის განხილვის სტადიაშია, იტყობინებოდა ”აფსნიპრესი” 17 ივლისს.

”გეგმის პირველი ეტაპი შეეხება უსაფრთხოების საკითხებს,” – განაცხადა შამბამ.

”გეგმის პირველ ეტაპს შესაძლოა დაუჭიროს მხარი სოხუმმა, თუ ამ დოკუმენტის ფარგლებში განხილულ იქნება ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანისა და ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი,” – განაცხადა მან.

შამბას თქმით, გეგმის მეორე ეტაპი ეხება ეკონომიკურ პროექტებს და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას.

”რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, აფხაზეთი მზადაა პირდაპირი ეკონომიკური კონტაქტები დაამყაროს ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან ერთობლივი პროექტების წინააღმდეგი ვართ,” – განაცხადა მან, ”ხოლო რაც შეეხება დევნილთა დაბრუნებას, ეს საკითხი შეიძლება მხოლოდ ადრე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში განვიხილოთ და მხოლოდ გალის რაიონთან დაკავშირებით”.    

მისი თქმით, მესამე ეტაპი ეხება აფხაზეთის სტატუსზე შეთანხმებას.

”ჩვენ ადრეც მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის სტატუსი ვერ იქნება მოლაპარაკებების საგანი და ამის განხილვას არავისთან არ ვაპირებთ,” – განაცხადა შამბამ.

შამბამ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა რომც მიაღწიონ შეთანხმებას, ”აფხაზეთი მხოლოდ თბილისის მიერ ზემო კოდორის ხეობიდან ძალების გაყვანის შემთხვევაში განაახლებს საქართველოსთან მოლაპარაკებებს”.

მან ასევე განაცხადა, რომ გეგმის ”პოზიტიური ელემენტი” ისაა, რომ დოკუმენტში არცაა ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში 17 ივლისს შეხვდა, განაცხადა, რომ გეგმაში გარკვეული შესწორებებია შესატანი.

”ქართული მხარის პოზიციაა, რომ გეგმაში უნდა იყოს აბსოლუტურად გარანტირებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა, რაც გერმანულ მხარეს არც არასდროს დაუყენებია ეჭვის ქვეშ, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გეგმა იძლეოდეს კონკრეტული პოზიტიური შედეგების მიღწევას პირველივე ეტაპზე და ჩვენთვის მთავარი კონკრეტული შედეგი გახლავთ დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც ასევე შეხვდა თავის გერმანელ კოლეგას 17 ივლისს, განაცხადა, რომ სამეტაპიანი გეგმა ”საინტერესოა”, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროებს სრულყოფას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს დილით ბათუმიდან სოხუმში გაემგზავრა. სოხუმიდან შტაინმაიერი კვლავ ბათუმში დაბრუნდება და მოსკოვში გამგზავრების წინ კიდევ ერთ შეხვედრას  გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან. მოსკოვში იგი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება.

Exit mobile version