რუსეთი მოუწოდებს გაეროს ”მკვეთრი” სიგნალი გაუგზავნოს თბილისსა და სოხუმს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 14 ივლისს მოსკოვში აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის გაეროს შემფასებელ მისიას შეხვდა ბერთრანდ რამშარანის ხელმძღვანელობით. 

მისია მოსკოვში მას შემდეგ ჩავიდა, რაც 7-11 ივლისს შეხვედრები გამართა თბილისსა და სოხუმში.

რუსულმა მხარემ გაეროს დელეგაციასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებათა პროცესი ჩიხშია შესული და ”პირველ რიგში, ქართული მხარის მიერ” არ სრულდება არსებული შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების რეკომენდაციები.

”მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ, კი გაეროს, გაუგზავნოს მკაფიო, მიზანმიმართული სიგნალი კონფლიქტის მხარეებს მოწოდებით, რომ განაახლონ 2006 წლის ზაფხულში შეწყვეტილი მოლაპარაკებათა პროცესი საერთაშორისოდ აღიარებული სამშვიდობო ფორმატების ფარგლებში, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და რეალური მისწრაფება ურთიერთხელსაყრელი გამოსავლის მოსაძებნად,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება შეხვედრის შესახებ გავრცელებულ შეტყობინებაში.

სამინისტრო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სიტუაციის განსამუხტად პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების დადება და ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ”შეიარაღებული ძალების” გაყვანა. 

 

Exit mobile version