დიპლომატებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან შესაძლოა ივლისში მოლაპარაკებები გამართონ აფხაზეთში არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, იტყობინება AFP აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უცნობ წყაროზე დაყრდნობით.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან ერთად თბილისიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ასევე მოუწოდებს გაეროს და ევროკავშირს, ისევე როგორც აფხაზურ მხარეს მიიღონ მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში.
10 ივლისს თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, რაისმა განაცხადა, რომ საჭიროა აფხაზეთის საკითხის განხილვა მაღალ დონეზე.
”მე ვაპირებ მოვუწოდო, რომ განხილვები შედგეს მაღალ დონეზე, სულ ცოტა პოლიტიკური დირექტორების დონეზე, რადგანაც ეს სერიოზული სიტუაციაა,” – განაცხადა რაისმა.
აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრები არიან. ჯგუფი აფხაზეთის კონფლიქტზე მუშაობს.
ჯგუფი ივნისის ბოლოს ბერლინში შეიკრიბა და გერმანიის მიერ მომზადებული სამეტაპიანი გეგმა განიხილა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტს ეხება.
გერმანული გაზეთის ”შპიგელის” ცნობით, პირველი ფაზა ითვალისწინებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს, რაც ასევე მოიცავს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას; მეორე ეტაპი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, რომლის დროსაც ბერლინი დონორთა სახსრების მოსაზიდად კონფერენციას მოიწვევს; ხოლო მესამი ეტაპი გულისხმობს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.