რუსეთის დელეგაციამ 8 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეიცავს მოწოდებას თბილისის და სოხუმის მიერ ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების დაუყონებლივ ხელმოწერის თაობაზე.
”სწორედ ქართული მხარეა, რომელსაც არ სურს ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა,” – განუხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტებს 8 ივლისს, ”ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს [შეთანხმების ხელმოწერა] აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს, თუ ჩვენ გვინდა დავინახოთ რაიმე პოლიტიკური პროგრესი და ნდობის აღდგენა”.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლიციის პროექტი, ”მოკლეა, მაგრამ ძალიან მკაფიო”, რომელიც ასევე მოითხოვს მხარეებისგან გამოიჩინონ თავშეკავება და მოუწოდებს თბილისს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები ზემო კოდორის ხეობიდან.
რუსეთის რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს მხარეებს პატივი სცენ გაეროს დამკვირვებელთა და რუსი სამშვიდობოების საქმიანობას ადგილზე და ასევე არსებულ მოლაპარაკებების ფორმატებს, განაცხადა ჩურკინმა.
”კოლეგებმა უშიშროების საბჭოდან ცოტა დრო ითხოვეს ჩვენი პროექტის გასაცნობად; ამრიგად, ჩვენი ვარაუდით, კონსულტაციები ხვალ [9 ივლისს] გაიმართება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უშიშროების საბჭო შეძლებს სწრაფად იმოქმედოს ამ პროექტთან დაკავშირებით,” – დასძინა მან.
9 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარე დაადანაშაულა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ზრდის გამო.
ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ოთხი დაშავდა 6 ივლისს გალში მომხდარი აფეთქების დროს. სულ ცოტა, 12 ადამიანი დაშავდა 29 ივნისს და 30 ივნისს გაგრასა და სოხუმში მომხდარი აფეთქებების დროს.
ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მას გააჩნია საფუძველი ივარაუდოს, რომ აფხაზეთში მომხდარი აფეთქებები ”ქართული წარმომავლობისაა”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივლისს განაცხადა, რომ იგი ძალიან შეაშფოთა აფხაზეთში მომხდარმა აფეთქებებმა. მან ხელი რუსეთისკენ გაიშვირა და განაცხადა, რომ დაძაბულობა მათ ინტერესებში შედის, ვისაც სურს, რომ საქართველომ შეცვალოს ეკონომიკური განვითარების და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსი.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა 9 ივლისს: ”თბილისის ქმედებები რეალურ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რამაც შესაძლოა რეგიონი ახალი შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე მიიყვანოს არაპროგნოზირებადი შედეგებით”.