თბილისი ადასტურებს სამხრეთ ოსეთში ოთხი სამხედროს დაკავების ფაქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გასულ ღამეს სამხრეთ ოსურმა მილიციამ ოთხი ქართველი სამხედრო დააკავა.

”საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ გათავისუფლებას მიაღწიოს,” – განუცხადა მამუკა ყურაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, 8 ივლისს ჟურნალისტებს.

ამ პირველ ოფიციალურ კომენტარს რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა სამხრეთ ოსური მხარის მიერ გაკეთებული განცხადება ოთხი ქართველი სამხედროს დაკავების თაობაზე. 

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, სამხედროები ზნაურის რაიონის სოფელ ოკონას მახლობლად დააკავეს.

თუმცა, ყურაშვილმა განაცხადა, რომ დაკავება ქარელის რაიონის სოფელ წერონისთან მოხდა, რომელიც თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის ბატალიონის ოთხი სამხედრო ”სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ კავკასიური მებრძოლებისგან შემდგარმა უკანონო შეიარაღებულმა ბანდფორმირებამ გაიტაცა”.    

მან ასევე განაცხადა, რომ ოთხივე სამხედრო ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გაათავისუფლონ.

თუმცა, სამხრეთ ოსურმა მხარემ დაკავებულთა გვარებიც დაასახელა და განაცხადა, რომ ყველა მათგანი ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო ბრიგადის ოფიცრები არიან”.

სამხრეთ ოსური მხარის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული პოლკოვნიკია, მეორე კაპრალი და კიდევ ორი – სერჟანტები.

თვითგამოცხადებული რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა მიხეილ მინძაევმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ ”საზღვრის უკანონო გადალახვასა” და წინააღმდეგობის გაწევაში.

”გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასთან დაკავშირებულ დაზვერვით ოპერაციას ახორციელებდნენ,” –  იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს.

რუსულმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს ვიდეომასალა, სადაც ოს მილიციელებს შეჰყავთ სულ ცოტა ორი ხელბორკილიანი ადამიანი სამხედრო ფორმებში დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. 

7 ივლისს მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტის დროს, ქართული მხარის ინფორმაციით, მისმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს ოს ”დივერსანტთა ჯგუფის” შემოსვლა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად შემოვლით გზაზე, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს დანარჩენ საქართველოს უკავშირებს.

მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ დაახლოებით ათი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, სავარაუდოდ, შემოვლითი გზის დანაღმვას აპირებდა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა და ჯგუფი იძულებული გახდა უკან დაეხია, ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლებისკენ. მან ასევე განაცხადა, რომ ოსებს შორის შესაძლოა დაჭრილებიც იყვნენ. სამხრეთ ოსურ მხარეს ამ ინციდენტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

 

Exit mobile version