გერმანული ”შპიგელი” აფხაზეთის შესახებ ბერლინის მიერ მომზადებული სამეტაპიანი გეგმის ზოგიერთ დეტალზე იუწყება.
გერმანული გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს, რაც ასევე ითვალისწინებს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას, იტყობინება ”შპიგელი”. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, რომლის დროსაც ბერლინი დონორთა სახსრების მოსაზიდად კონფერენციას მოიწვევს, ხოლო მესამი ეტაპი გულისხმობს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.
ეს საკითხი გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე იქნა განხილული. შეხვედრა 30 ივნისს ბერლინში გაიმართა.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში ჟან არნომ ეს გეგმა 4 ივლისს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი შეეხო 30 ივნისს ბერლინში გაეროს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე შემუშავებულ ”ახალ პროექტს” კონფლიქტის მოგვარების წინადადებების შესახებ. თუმცა, შამბამ ამ წინადადებებზე საუბარი არ ისურვა.
”ჩვენ ჩვენი წინადადებები გვაქვს, მათ [მეგობართა ჯგუფს] – თავიანთი, მაგრამ საჭიროა ყველაფერი ეს შევათანხმოთ,”- განაცხადა მან, ”ზოგი წინადადება შეიძლება იყოს მიუღებელი, ზოგი განუხორციელებელი, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ პრობლემების მოგვარების გზების ზუსტად დიპლომატიური მეთოდებით ძიება”.
ინფორმაცია ბერლინის მიერ მომზადებული გეგმის თაობაზე ივნისის ბოლოს გაჩნდა, როდესაც პრეზიდენტის პრესსამსახურმა სააკაშვილის ბერლინში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობაში განაცხადა, რომ გერმანულმა მხარემ მეგობართა ჯგუფის ფარგლებში ”სამეტაპიანი გეგმა” მოამზადა.
ამ გეგმის მიხედვით: პირველ ეტაპზე უნდა გაუქმდეს ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულება, აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს სამშვიდობო ფორმატით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამხედრო ფორმირებები და უნდა მოხდეს სამშვიდობო ფორმატის გადახედვა; მეორე ეტაპი კონფლიქტური ზონების ეკონომიკურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორის გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას; ხოლო მესამე ეტაპი კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოიცავს.