გაეროს შემფასებელი მისია საქართველოს ეწვევა

გაეროს მისია, რომელიც აფხაზეთში სამშვიდობო პროცესს აფასებს, 7 ივლისს საქართველოში ვიზიტს იწყებს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილისში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსანდრე ლომაიასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

10-11 ივლისს გაეროს შემფასებელი მისია სოხუმში ჩავა.

გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ მონტასმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჯგუფი, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი ბერთრანდ რამშარანი უხელმძღვანელებს, ასევე გეგმავს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების  – საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს – დედაქალაქებში ვიზიტებს.

”მისია მოახსენებს გენერალურ მდივანს ძირითად გამოწვევებზე გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესში და მოგვარების შესაძლო ვარიანტების შესახებ,”- აღნიშნა მან.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია (UNOMIG) 1993 წლიდან, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ  ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ არსებული შეთანხმების შესრულებას აკონტროლებს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა, რომელსაც გასულ კვირაში შეხვედრები ჰქონდა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისს სურს შეიცვალოს სამშვიდობო და მოლაპარაკებათა ფორმატები, სადაც რუსეთს წამყვანი როლი უკავია. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა UNOMIG-ის საქმიანობაზეც იმოქმედებს. ”ასე რომ, კონსულტაციებია საჭირო,” – დასძინა იაკობაშვილმა.

Exit mobile version