გალში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ოთხი ადამიანი დაიღუპა ქალაქ გალში 6 ივლისს, ღამის 11 საათზე მომხდარი ”ძლიერი” აფეთქების შედეგად, ხოლო ექვსი ადამიანი მძიმედ დაშავდა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 7 ივლისს.

გარდაცვლილთა შორის არიან გალის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ჯანსუღ მურატია, ამავე სამსახურის სასაზღვრო განყოფილების თანამშრომელი სუხრან გუმბა, გაეროს მისიის გალის სექტორის თარჯიმანი ანზორ ლაგვილავა და ადგილობრივი მკვიდრი ივეტა თორია.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მომხდარში ქართული მხარე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველო ”სახელმწიფოებრივი ტერორიზმის გზას დაადგა”.

”გალში აფეთქება – ეს ტერაქტია, რომელიც მიმართულია რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისაკენ. ეს აფეთქება არის გაგრაში და სოხუმში მომხდარი ტერაქტების ჯაჭვის გაგრძელება,”- განუცხადა ბაღაფშმა ”ინტერფაქსს”.

6 ივლისს დილით აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, ადმინისტრაციულ საზღვარზე ასევე მოხდა ოთხი აფეთქება, თუმცა არავინ დაშავებულა. საქართველოს შსს-ს ცნობით ერთ-ერთი აფეთქების შედეგად ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანა დაზიანდა.

Exit mobile version