პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები განიხილა

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს, რომლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადი ხუთი წლის განმავლობაში 25%-დან ეტაპობრივად შემცირდება 15%-მდე.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, 2009 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადი 24% გახდება; 2010 წლიდან  – 22%-მდე შემცირდება; 2011 წლიდან – 20%-მდე, 2012 წლიდან  – 18 %-მდე, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 15% გახდება.

ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის პირობებში საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება საბიუჯეტო შემოსავლების 70 მლნ ლარით კლების ტოლფასია.

გარდა ამისა, კანონპროექტი, რომელსაც პირველი მოსმენით პარლამენტი დღეს უყრის კენჭს, ასევე ითვალისწინებს დივიდენდებისა და პროცენტების დაბეგვრის განაკვეთის ეტაპობრივ კლებას ხუთი წლის განმავლობაში, ხოლო 2013 წლიდან დაბეგვრისგან საერთოდ გათავისუფლებას.

Exit mobile version