პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა

2008 წლის ბიუჯეტი 236 მლნ ლარით იზრდება და მთლიანობაში 6.9 მლრდ ლარს აღწევს. აღნიშნული ცვლილებები დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

აღნიშნული ზრდა 10 მილიონით აღემატება იმ პროექტს, რომელიც მთავრობამ თავდაპირველად წარადგინა პარლამენტში.

ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს მეორე ცვლილებაა და ჯამში 6 თვის განმავლობაში წლევანდელი ბიუჯეტი ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება.

გილაურის განცხადებით, საბიუჯეტო ზრდა დამატებითმა შემოსავლებმა განაპირობა.

გარდა დამატებითი შემოსავლების ასახვისა, ბიუჯეტში ხარჯების ახლებური გადანაწილება ხდება – რიგი უწყებების დაფინანსების შემცირების ხარჯზე, რაც ჯამში 172 მლნ ლარს შეადგენს, ცალკეულ უწყებებს დაფინანსება ეზრდებათ.

ყველაზე მეტ თანხას – 295 მლნ ლარს –  თავდაცვის სამინისტრო მიიღებს და მისი ბიუჯეტი 1.395 მლრდ ლარს მიაღწევს. 

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით მიიღებს 40 მლნ ლარს და მისი მთლიანი დაფინანსება 640 მლნ ლარი გახდება.

30 მლნ ლარით მცირდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, თუმცა როგორც მთავრობა აცხადებს,  ეს კლება არ აისახება იმ სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსებზე, რასაც წინასაარჩევნოდ დაპირდა ხელისუფლება.

აგრეთვე, მცირდება ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 23 მლნ ლარით და საგარეო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე გათვალისწინებული 52 მლნ ლარი (თურქმენეთის და ყაზახეთის ვალის მომავალ წლებზე გადავადების ხარჯზე).

საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, 2 მლნ ლარით გაიზრდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დაფინანსება, ხოლო ტერიტორიული ტრანსფერის ფარგლებში დამატებით 1.7 ათასი ლარი მოხმარდება ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის დაფინანსებას და ზამთრის პერიოდში ზემო აფხაზეთის მოსახლეობის საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებზე მთლიანობაში გათვალისწინებულია დამატებით 46 მლნ ლარი, საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 500 ათასი ლარით, რაც მიიმართება დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებაზე.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 124 ათასი ლარით, მათ შორის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსების 90 ათას ლარიანი კლების ხარჯზე. 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 1.5 მლნ ლარით, რაც მოხმარდება ქვეყანაში რაგბის განვითარებას.

იმავდროულად, იზრდება საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 1.4 მლნ ლარით და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ასიგნება 500 ათასი ლარით. მთავრობის სარეზერვო ფონდი ასევე გაიზრდება 500 ათასი ლარით. 

გარდა ამისა, იზრდება იმ სამინისტროებისა და უწყებების ბიუჯეტები, რომლებმაც წლის განმავლობაში სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის ხარჯების გაწევა განახორციელეს სარეზერვო ფონდებიდან  – ეს თანხა ჯამში 19 მლნ ლარს შეადგენს. 

საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, ”სავალუტო კურსის ცვლილების” მოტივით 67.4 მლნ ლარით მცირდება ახლადშექმნილი ”სტაბილური განვითარებისა” და ”მომავალი თაობების” ფონდების შევსების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები. ეს კლება უკავშირდება საქართველოს მიერ 500 მლნ აშშ- დოლარის ოდენობით გამოშვებულ ევროობლიგაციებს

საპარლამენტო უმცირესობამ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს. უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ამის მიზეზია ბიუჯეტის გაუმჭირვალობა და ხარჯვითი პრიორიტეტების შეცვლა სოციალურიდან თავდაცვის მიმართულებით, რაც ”არათანმიმდევრულ საბიუჯეტო პოლიტიკაზე მიუთითებს”. მან ასევე განაცხადა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო თავდაცვის სფეროს დაფინანსების ზრდის მიმართ, ”თუმცა ”ზომიერებაა საჭირო”. 

არ არის გამორიცხული, რომ დეპუტატების შენიშვნების გათვალისწინების შედეგად ბიუჯეტის პროექტმა კიდევ განიცადოს ცვლილება მის დამტკიცებამდე, რაც 15 ივლისისთვის იგეგმება.

Exit mobile version