სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის ღია აქტი განხორციელდა – მოსკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ივლისს აცხადებს, რომ თბილისის ქმედებები მიანიშნებს, რომ განხორციელდა აგრესიის ღია აქტი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და მოუწოდებს მხარეებს გადაუდებლად შეიკრიბონ შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში, რათა პროცესები ”ტრაგიკული შედეგებით” არ დასრულდეს.

ორი ადამიანი დაიღუპა დაბომბვისა და სროლების შედეგად, რომელსაც 4 ივლისის ღამეს ადგილი ჰქონდა ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ზოგიერთ სოფელში, აცხადებენ სეპარატისტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მოუხდა ცეცხლის გახსნა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული პირების მხრიდან თბილისის მიერ კონტროლირებადი სოფლების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ, ”რათა დაეცვა ადგილობრივი მოსახლეობა”. მისი თქმით, ქართულ მხარეს მსხვერპლი არ არის. 

”უკანასკნელმა შეიარაღებულმა ინციდენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძალისმიერი დაპირისპირების მწვავე ესკალაცია კონფლიქტის ზონაში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ამ სიტუაციაში კვლავ დაჟინებით მოვუწოდებთ შსკ-ს ფორმატში, რომელიც დღესდღეობით მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, ერთობლივი მუშაობის დაუყოვნებლივ განახლებისკენ”.

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 4 ივლისის ღამეს ”ქართული პოზიციებიდან” – სოფლებიდან ნიქოზი და ერგნეთი –  ”ქართველმა პოლიციელებმა”  ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალის სამხრეთ ნაწილს. სროლების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თბილისი და ცხინვალი სროლების ინიცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინციდენტის განმავლობაში არაერთხელ დაირღვა კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცე. ”დაახლოებით დილის 5 საათისთვის საქართველოს საჰაერო ძალების ორი  СУ-25-ის ფრენა დაფიქსირდა. ამას გარდა, ადგილი ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატების ექვსჯერ გადაფრენას,”- აცხადებს სამინისტრო და იქვე ხაზს უსვამს, რომ თბილისმა ”კატეგორიულად უკუაგდო” რუსული მხარის წინადადება შერეული ძალების რადიოლოკაციური სადგურით აღჭურვის შესახებ.

განცხადება ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ ფაქტზე, რომ სროლების დაწყებამდე 40 წუთით ადრე, შერეული ძალების ქართული ბატალიონის ოფიცრობამ უმეთაუროდ დატოვა პირადი შემადგენლობა და გაეცალა იმ ტერიტორიას, სადაც სროლები დაიწყო.

რეგიონში ინციდენტების სერია  3 ივლისის დილით დაიწყო, როცა სოფელ დმენისში თავისივე სახლის ეზოში ნაღმზე აფეთქდა ადგილობრივი მილიციის უფროსი ნოდარ ბიბილოვი, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის დიმიტრი სანაკოევის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც მის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სანაკოევის დაცვის სამი თანამშრომელი დაიჭრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისის ”მარიონეტული” ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სანაკოევზე თავდასხმა ”ინსცენირება” იყო.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამჟამად თბილისში იმყოფება. 4 ივლისს იგი თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.

”საქართველოს მხარემ მკაფიოდ და მკაცრად დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების მიმართ,”- განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ, ”რუსეთის მხარის ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან სისტემატურად აქვს ადგილი შეიარაღებულ პროვოკაციებს ორმხრივი კონსულტაციების ან უცხოელი დიპლომატების მნიშვნელოვანი ვიზიტების წინ”.

Exit mobile version