საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების გამო, რასაც ”მსხვერპლი მოყვა”.
”ამ ინციდენტებს ადგილი აქვს გაყინული კონფლიქტების ზონებში არსებული ძლიერი დაძაბულობის ფონზე,” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთის საგარეო უწყებამ მოუწოდა მხარეებს თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა რეგიონში. ”ჩვენ მათ ვთხოვთ უმოკლეს დროში განაახლონ დიალოგი ნდობის აღდგენის მიზნით,” – განაცხადა მან.
ორი ადამიანი დაიღუპა დაბომბვისა და სროლების შედეგად, რომელსაც 4 ივლისის ღამეს ადგილი ჰქონდა ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ზოგიერთ სოფელში, აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლება. ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. 3 ივლისს კი ნაღმზე აფეთქდა ადგილობრივი ოსი მილიციელი.